დღეს მინდა გაგაცნოთ ქალბატონი, რომელმაც შეძლო საკუთარი ტკივილის, მონატრებისა და გამოწვევების ფონზე დაემტკიცებინა, რომ ემიგრანტობა არ ნიშნავს საკუთარ თავზე უარის თქმას – პირიქით, ხშირად ეს გზა აღვიძებს დიდ მისიას.
Nina Mamukadze Sordini – იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ქართულ-იტალიური და საემიგრაციო მედია “ERMES TV” – „ერმესი მედიის“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, და აქტიური ჟურნალისტია… იტალიის მედია სივრცესა და სოციუმში ქართული ხმის გამტარებელი.
მისი პროფესიული გზა საქართველოში დაიწყო – ახალგაზრდა ჟურნალისტის სტატუსით, ჟურნალის რედაქციაში მუშაობით. მოგვიანებით „პალიტრა მედია“-ში შეიძინა გამოცდილება, რამაც ჟურნალისტიკა მისი ცხოვრების ორგანულ ნაწილად აქცია. თუმცა, 2011 წელს, მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწია – ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა სამშობლო და 8 წლის ქალიშვილი მშობლებს ანდო. ეს იყო ემიგრაციის დასაწყისი – ერთდროულად გაუსაძლისი და იმედიანი.
“პირველი შოკი იყო პიროვნული განულება” – იხსენებს ის – “მაგრამ ბევრი შრომითა და მონდომებით ორ წელიწადნახევარში უკვე იტალიის ოფიციალურ უწყებაში თარჯიმნად ვმუშაობდი.”
დღეს ნინა კვლავ აგრძელებს ბრძოლას ემიგრანტების უფლებებისთვის. მუდმივად ფიქრობს იმაზე, როგორ შეცვალოს საზოგადოების აღქმა ემიგრანტების მიმართ – რომ აღარ აღვიქმებოდეთ, როგორც იაფი მუშა ხელი რომელიღაც პატარა ქვეყნიდან.
მისი ცხოვრების ახალი თავი ფლორენციაში დაიწყო – აქ გაიცნო და დაქორწინდა მარკო სორდინიზე, რომელიც მისი შვილის ჩამოყვანასა და განათლებაში დიდ როლს თამაშობს. დღეს მისი ქალიშვილი Keta Sordini Japaridze ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია – წარმატებული ქართველი და დედის საუკეთესო მეგობარი.


ქალბატონი ნინა ფლობს როგორც ქართულ, ისე იტალიურ მოქალაქეობას, თუმცა გულით და სულით ყოველთვის ქართველად დარჩება. საქართველოს სახელის ფართო ასპარეზზე გატანის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მაინც კოლეგა აკა სულავასთან ერთად განხორციელებული პროექტი “ფეოლა” გახლავთ. პროექტის ფარგლებში, იტალიაში, იტალიურ ენაზე პროფესიულ დონეზე იტალიელი ჟურნლისტების და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მოხდა ქართული კინოს კლასიკის გახმოვანება და პრეზენტაცია ნეაპოლის ყველაზე კოლორიტულ კინოთეატრში.
„ემიგრანტები – ემიგრანტებისთვის და სამშობლოსთვის!“ – ეს მისი გზავნილია. მისი საქმიანობა, როგორც მედიის, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე, ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს გააძლიეროს ხალხის ხმა – შორს სამშობლოდან, მაგრამ საქართველოს გულის ტარებით.
